პატიმრობიდან გათავისუფლებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 15 წლის სანდრო სარდარიანი უკვე სახლში იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ სანდრო სარდარიანის მამამ გრიგოლ სარდარიანმა განუცხადა, მისი შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისი განმარტებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოზარდი შუამდგომლობის შედეგად გაათავისუფლეს - მას ორი ბიძა ჩაუდგა თავდებში.
სარდარიანის ინფორმაციით, სასამართლოზე უთხრეს, რომ მათთან შესაბამისი უწყების წარმომადგენელი მივა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთნ დაკავშირებით მშობლებს დააკვალიანებს.
„ამ დღეებში სამხარაულის კლინიკიდან დიაგნოზს ველოდებით. დიაგნოზის მიხედვით გადაწყდება რა წამლებს დაუნიშნავენ. ჩვენ დაგაკვალიანებთო გვითხრეს და დახმარებას დაგვპირდნენ“ - განაცხადა სარდარიანმა.
მისი თქმით, არასრულწლოვანი ჩაკეტილი სივრცის გამო გადაღლილია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 15 წლის სანდრო სარდარიანი 17 მაისს, კოსტავას ქუჩაზე, ერთი ბოთლი ლუდის ქურდობისთვის დააკავეს. სამართალდამცავებმა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იგი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფებოდა.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან დღეს მდუმარე აქცია გაიმართა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე აქციის მონაწილეებს სარდარიანის საქმის გაცნობას დაჰპირდა.
სარდარიანის სასამართლო პროცესი დღესვე დაინიშნა. ბრალდების მხარეს სახაზინო ადვოკატი დავით ბოჭორიშვილი იცავდა. არასრულწლოვანი მსჯავრდებული უკვე გათავისუფლებულია. გადაწყდა, რომ მისი ფსიქიატრიული მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.

















