არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს იურიდულ დახმარებას სთავაზობს.
როგორც „კონსიტუციის 42-ე“ მუხლის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია შეშფოთებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სადაც ისინი მათზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე საუბრობენ.
„ეროვნული ცენტრის ყოფილი წარმომადგენლების ინფორმაციით, განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წამოსულმა თანამშრომლებმა, ზოგიერთ მათგანზე პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მხარდაჭერა სთხოვეს. მათ თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, ჯერჯერობით სხვა ფაქტები არ გაახმაურეს.

















