შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 15 წლის სანდრო სარდარიანი, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, შესაძლოა, დღეს გაათვისუფლონ.
როგორც „ნიუსპრესს“ დაკავებულის მამამ გრიგოლ სარდარიანმა განუცხადა, მისი შვილის გათავისუფლების საკითხი, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამრთლოში საქმის განხილვის შემდეგ გადაწყდება. თუმცა, მას ჯერ არ აქვს ინფორმაცია დაწყებულია თუ არა პროცესი.
„მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ ორი ადამიანის შუამდგომლობის შემდეგ ჩემ შვილს გამოუშვებენ. მეგობრებს დავურეკე და სასამართლოში მივდივართ, რომ გავიგოთ რა ხდება“ - აღნიშნა გრიგოლ სარდარიანმა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 15 წლის სანდრო სარდარიანი 17 მაისს, კოსტავას ქუჩაზე, ერთი ბოთლი ლუდის ქურდობისთვის დააკავეს. სამართალდამცავებმა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იგი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან დღეს მდუმარე აქცია გაიმართა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე აქციის მონაწილეებს სარდარიანის საქმის გაცნობას დაჰპირდა.

















