უფლებადამცველები დღეს, საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა
დაჩი ცაგურიამ განუცხადა, აქციის მონაწილეები 15 წლის სანდრო სარდანიანის დაკავების ფაქტს გააპროტესტებენ.
მისი თქმით, სანდრო სარდანიანი უნარშეზღუდული ბავშვია, რომელიც 17 მაისს, კოსტავას ქუჩაზე, „ნიკორას“ მაღაზიაში ერთი ბოთლი ლუდის ქურდობისთვის დააპატიმრეს.
„მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ ბავშვს, რომელსაც ჯანმრთელობის და გარემოს აღქმის პრობლემა აქვს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს იმ მოსამართლის დანაშაულია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა“ - განაცხადა ცაგურიამ.
მისი თქმით, სასამართლო ვალდებული იყო ამ ბავშვის მდგომარეობა დაედგინა.
„ენით აუწერელი და არაადამიანური საქციელია, როდესაც ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტს, ბავშვს სასამართლო მსგავს განაჩენს გამოუტანს“ - აღნიშნა ცაგურიამ.
მისივე ინფორმაციით, დაპატიმრებული 15 წლის სანდრო სარდანიანი ამჟამად, გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება.
ცაგურიას თქმით, დღევანდელ აქციაში ბავშვთა უფლებათა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

















