კომპანია ,,მენეჯმენტ სერვისი“ საქალაქო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილებას, 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის
შესახებ დღეს კომპანიის ხელმძღვანელობამ ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა კონტროლის პალატის დადგენილება შპს „მენეჯმენტ სერვისის“ 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმების თაობაზე.
როგორც ადვოკატებმა განმარტეს, სასამართლომ არ გამოიკვლია შპს ,,მენეჯმენტ სერვისის“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, უარი განაცხადა კონტროლის პალატაში შედგენილი ოქმის გაცნობასა და მოწმეების დაკითხვაზე და უარი თქვა საქმის განხილვის 7 ივნისამდე გადადებაზე, რასაც შპს ,,მენეჯმენტ სერვისი“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის წარსადგენად ითხოვდა.
,,მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა მიიღო მძიმე გადაწყვეტილება. მან ფაქტიურად უარი თქვა მართლმსაჯულებაზე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სასამართლო პროცესი ჩემს პრაქტიკაში. ასეთი ღია უარი მართლმსაჯულების განხორციელებაზე არ მიმიღია“ - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ.
შპს ,,მენეჯმენტ სერვისის“ დირექტორის ბესიკ დემეტრაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმა მის კომპანიას გააკოტრებს და საწარმო ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას.
,,თანხის გადახდის ვადა 15 ივნისს იწურება. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ჩემს ქონებას ყადაღა დაედება. უზენაესი სასამართლოს ინსტანციის გავლის შემდეგ, ჩვენ მივმართავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რადგან ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა შეუძლებელია “ -განაცხადა ბესიკ დემეტრაშვილმა.
შპს „მენეჯმენტ სერვისს“ საქართველოს მასშტაბით 60 ოფისი აქვს დაქირავებული, რომლებშიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებია განთავსებული.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „მენეჯმენტ-სერვისის“ წიინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 11 მაისს შეადგინა და ის სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში დადანაშაულების გზით, 5 მლნ-მდე ლარით დააჯარიმა.

















