თბილისის საქალაქო სასამართლომ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა და მეან-გინეკოლოგი ზაზა მირუაშვილი
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში დამნაშავედ ცნო.
ცნობილია, რომ 2011 წლის 17 ივნისს, სამშობიარო სახლს „იმედის კლინიკა“ კონსულტაციისთვის 1971 წელს დაბადებულმა ნესტან შანიძემ მიმართა. პაციენტის გასინჯვისა და მისი ანამნეზის შესწავლის საფუძველზე, ექიმმა საკეისრო კვეთის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. კონსულტაციის დასრულების შემდეგ, შანიძე ექიმებმა სახლში გაუშვეს.
2011 წლის 20 ივნისს, ნესტან შანიძემ კვლავ ზემოაღნიშნულ კლინიკას მიმართა, რადგან მას წინასამშობიარო ტკივილები დაეწყო. გასინჯვის შემდეგ, ის მეან-გინეკოლოგ ზაზა მირუაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ სამშობიარო ბლოკში გადაიყვანეს.
ძლიერი სამშობიარო ტკივილების ფონზე პაციენტს მორიგე ექიმ-ანესთეზიოლოგმა რეგიონალური ანესთეზია გაუკეთა (გაუტკივარება) და ნესტან შანიძემ ფიზიოლოგიურად იმშობიარა. მოგვიანებით პაციენტის მგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ექიმმა მირუაშვილმა არ ჩაატარა არცერთი გამოკვლევა, რათა დროულად მომხდარიყო საშვილოსნოს კედლის გახევისა და შინაგანი სისხლდენის დიაგნოზის დასმა. აღნიშნულის შედეგად, 21 ივნისს ნესტან შანიძე გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომაზე მირუაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მირუაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბრალდებული 1 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2 წელი პირობით ჩაეთვალა და დაეკისრა ჯარიმა 25 ათასი ლარის ოდენობით.

















