ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქალაქ გალში დღეს დე ფაქტო შსს-ს ორი თანამშრომელი და ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი ჩაცხრილეს.
ინფორმაციას სააგენტო „აპსნიპრესი“ დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 11:40 წუთზე გალში კაფე „ზოლუშკაში“ მოხდა. ორი დაუდგენელი პირი კაფეში შეიჭრა და ცეცხლი „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატიდან გახსნა.
ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობებით მილიციის თანამშრომელი მაიორი ლეონიდ კვიცინია, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის დეტექტივი დევი ბუავი და დასახლება ნაბაკევის მცხოვრები გულთაზ ყოლბაია გარდაიცვალა.
დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. მომხდარზე გამოძიებას გალის რაიონის პროკურატურა აწარმოებს.

















