არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს კონტროლის პალატაში მოწმის სტატუსით დაკითხეს.
როგორც „ნიუსპრესს“ გიგაურმა განუცხადა, საკითხი რუსთავის საკრებულოს წევრის თამაზ გველუკაშვილის მიერ წინასააღდგომოდ მოსახლეობისთვის საჩუქრების დარიგებას ეხებოდა.
მისი თქმით, მოწმის სტატუსით მისი დაკითხვა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმის მოკვლევის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ კონტროლის პალატისადმი მიმართვამ გამოიწვია.
„სავარაუდოდ, ისინიც დაიკითხებიან ვინც საქმის მოსაკვლევად ადგილზე იყვნენ ჩასულნი. მათ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაკითხავენ თუ ვისგან მოიპოვეს მათ ეს ინფორმაცია“ - აღნიშნა გიგაურმა.
კონტროლის პალატამ თამაზ გველუკაშვილის საკითხის ამომწურავად შესწავლის დაწყების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა, რომელიც მუნიციპალიტეტში საქართველოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას ცხვარი და ღვინო დაურიგა საჩუქრად.

















