ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ერთ-ერთი მფლობელი და ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი ცენტრალური ანძის მმართველი კომპანიის შპს „ალფაკომის“ გენერალური დირექტორის ვასილ კავაძის წინააღმდეგ ხვალ სასამართლოში
საჩივარს შეიტანს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ზილფიმიანის განმარტებით, კრიმინალი მოხდა, როდესაც ცენტრალური ანძიდან „პირველი სტერეოს“ მაუწყებლობა მისი დირექტორისა და მეპატრონის ნებართვის გარეშე გამოირთო.
„ეს აქტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, როგორც ტერორისტული ქმედება ისე განიხილება, ამიტომ ტერორისტულ ქმედებაზე ხვალ კავაძის წინააღმდეგ საჩივარი შევა“ - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
მისივე თქმით, იგი რამდენიმე დღის წინ კავაძეს ესაუბრა და აუხსნა, რომ „პირველი სტერეოს“ მაუწყებლობა უკვე რამდენიმე დღეა გათიშულია და კონტროლის გარეშე „პირველი სტერეოს“ სიხშირით სულ სხვა მაუწყებლობა გადაიცემოდა.
ზილფიმიანმა ასევე განაცხადა, რომ მან კავაძისგან სიგნალის აღდგენის პირობა მიიღო, თუმცა, არ შესრულდა.
ზილფიმიანი ხვალ თანამშრომლებთან ერთად „პირველი სტერეოს“ სიგნალის გათიშვას შპს „ალფაკომთან“ გააპროტესტებს.
„პირველი სტერეო“ ეთერში მას შემდეგ აღარ გადაიცემა, რაც ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის მიწერ დაქირავებულმა კერძო დაცვის კომპანიის თანამშრომლებმა „პირველი სტერეოს“ ოფისი დაიკავეს და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევენ.

















