კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კომპანია “გლობალ ტვ“-ის გარშემო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით კონტროლის პალატა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს რეგიონებში კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ კომპანია “გლობალ TV”-ს ტექნკური საშუალებებისა და პერსონალის პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება ხდება.
კონტროლის პალატის განმარტებით, კომპანიის მენეჯერები იმავდროულად რეგიონულ დონეზე პოლიტიკურ სუბიექტ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ და აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას “ქართული ოცნების” ლოგოს ამსახველ მაისურებში ახორციელებდნენ, “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები კი - ამავე კომპანიის მომსახურებას უსასყიდლოდ მოქალაქეებს სთავაზობდნენ.
კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გარემოებები საზოგადოებაში პოლიტიკური კოალიციისა და აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული მომსახურების გაიგივებას იწვევს და პარტიათა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავს.
„კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიტიკური პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მონიტორინგის მანდატით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის ცალკეულ პირთა გამოკითხვას“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ფინანსური მონიტორინგის ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, მონიტორინგი არ უკავშირდება ზემოაღნიშნული კერძო კომპანიის საქმიანობას და მის მიმართ სამსახურს სამართლებრივი პრეტენზიები არ გააჩნია.

















