პარლამენტის ყოფილი წევრი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზის“ დასაბრუნებლად სამართლებრივ პროცესს იწყებს.
ჩხარტიშვილის ეს განცხადება მისმა პრესმდივანმა გიორგი გიორგაძემ დღეს პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
ჩხარტიშვილმა ლონდონში პირველი ქართული საერთაშორისო მაუწყებელი „მზერა“ დააფუძნა, პარალელურად კი, ტელეკომპანია „მზის“ დასაბრუნებლად სამართლებრივი პროცესი დაიწყო.
„მზერა“ პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, ინტერნეტით იმაუწყებლებს. მისი ცენტრალური ოფისი დიდ ბრიტანეთში განთავსდება.
როგორც ჩხარტიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად, ის იძულებული გახდა „მზე“ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ სუბიექტზე გადაეფორმებინა. მან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, რადგან საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ბიზნესმენის ოჯახი, არამედ ბიზნესპარტნიორები და ბიზნესსტრუქტურების ასობით თანამშრომელი დადგა.
ჩხარტიშვილის განაცხადებით, ის ტელეკომპანია „მზეს“ აუცილებლად დაიბრუნებს, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაცია მსოფლიოს წამყვან იურისტებთან გაიარა.
როგორც ბიზნესმენი განმარტავს, სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი უკვე მომზადდა, თუმცა, საქმის კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებს არ ახმაურებს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ობიექტური საერთაშორისო სასამართლო ჩვენთვის მიყენებული ზარალისთვის მას სოლიდურ ფინანსურ სანქციას დააკისრებს. ამოღებული თანხა კი, თავისუფალი ქართული მედიის განვითარებას მოხმარდება“- ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში.
როგორც პრესმდივანმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ორი წელია ემიგრაციაში იმყოფება, ქართველი ჟურნალისტებისთვის ონლაინ პრესკონფერენციას გამართავს და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

















