საქართველოს კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა გიორგობიანი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის, სამართალდამრღვევად სცნო.
როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, გიორგობიანს სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე გაეგზავნა.
განცხადების თანახმად, საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ მისი საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთანაა“ დაკავშირებული და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია.
მათი ინფორმაციით, „ქომაგზე“ ორგანული კანონით განსაზღვრული რეგულაციები ვრცელდება.
„აღნიშნული ფონდის ანგარიშზე, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა, საქართველოში არალიცენზირებული ბანკიდან, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, 2012 წლის 10 მაისს 90 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რის გამოც კონტროლის პალატის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგის“ ანგარიშს ყადაღა დაედო“ - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გიორგობიანს ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილიც ეცნობა.

















