კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულებს - მალხაზ ნაგერვაძეს, თენგიზ ნაგერვაძეს და ლევან დუმბაძეს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
როგორც „ნიუსპრესს“ დაკავებულების ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, სასამართლომ მალხაზ ნაგერვაძეს 6,6 წლით, თენგიზ ნაგერვაძეს 15 წლით, ხოლო ლევან დუმბაძეს კი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მხარეების არგუმენტები მოისმინა.
„პროცესზე დაიკითხა მოწმე ვინმე კახნიაშვილი, რომელიც მალხაზ ნაგერვაძეს საერთოდ არ იცნობდა. ის ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, „ელიტ ელექტრონიქსთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდა და მისთვის ფართი ჰქონდა მიქირავებული“ - განაცხადა მოსიაშვილმა.
მისივე თქმით, „ელიტ ელექტრონიქსის“ ფართის მიქირავებას მალხაზ ნაგერვაძის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ასეთი აბსურდული მოწმეთა ბრალდების პოზიციის მიუხედავად, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა“ - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ადვოკატის განმარტებით, მალხაზ ნაგერვაძეს ბრალად თაღლითობა ედებოდა. გამოძიების მტკიცებით, მალხაზ ნაგერვაძემ, რომელიც „ტექნო სერვისის“ დირექტორი იყო, ბანკ „რესპუბლიკის“ მიმართ აღებული ვალდებულების შესრულების პარალალურად, „ელიტ ელექტრონიქსის“ მიმართ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა.
მოსიაშვილის თქმით, ლევან დუმბაძეს და თენგიზ ნაგერვაძეს სახელმწიფო ბრალმდებელი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ე.წ. ფულის გათეთრებას ედავებოდა.

















