აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხვალ ახალი სერვისის - „გამარტივებული წარმოების“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროდან აცნობეს, გამარტივებული წარმოების მომსახურება რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მხარეებს ვადამოსული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ წარმოების აღნიშნული ფორმა თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს, რომელზეც ვალის დამადასტურებელი ცხადი მტკიცებულება არსებობს, კერძოდ, ხელშეკრულება, ხელწერილი ან შედარების აქტი, რომელიც არ უკავშირდება რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებას.
„აქამდე ამ ტიპის მომსახურებას საქართველოს სასამართლოები ახორციელებდნენ. დღეიდან კი - მოცემულ მომსახურებას სახეცვლილი ფორმით აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოები შეწყვეტენ გამარტივებული წარმოების განხორციელებას“-აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
მათივე ცნობით, გამარტივებული წარმოების მომსახურება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული.

















