საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის დაპატიმრებისა და ცემის ფაქტზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, ორგანიზაციის იურისტი ამირან ზენაიშვილი ინცინდენტის დეტალებს ადგილზე არკვევდა.
საია-ს ინფორმაციით, 2012 წლის 20 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თიანეთის რაიონულ ცენტრში სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდა, რა დროსაც მასთან შსს-ს თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ და პიროვნების დადგენის მიზნით საბუთები მოსთხოვეს.
გელა მთივლიშვილის განმარტებით, მან პოლიციის წარმომადგენლებს პირადობის მოწმობა გადასცა, რის შემდეგაც იგი პოლიციის განყოფილებაში ძალით შეათრიეს.
საია-ს ცნობით, პოლიციელების მიზანი ვიდეო-კამერის ჩამორთმევა და მის მიერ გადაღებული კადრების შემოწმება იყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციაში მთივლიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ მამუკა შალამბერიძემ საია-ს იურისტთან გასაუბრებისას განმარტა, რომ ვინაიდან უცხო პიროვნება პოლიციის შენობის წინ ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, პოლიციის თანამშრომლები მასთან პიროვნების ვინაობის დასადგენად მივიდნენ.
თიანეთის საავადმყოფოს მორიგე ექიმის მალხაზ იარაჯულის განმარტებით, პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ მიიყვანა. როგორც აღმოჩნდა, გელა მთივლიშვილს ძლიერი თავის ტკივილები ჰქონდა, თუმცა, რაიმე სახის გარეგანი დაზიანება არ აღენიშნებოდა.
ამდენად, საია-ს ცნობით, დადგინდა, რომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავის არეში დაზიანება ზემოაღნიშნული ინცინდენტისას მიადგა.
მთივლიშვილი გუშინ, თიანეთში პოლიციის შენობის გადაღებისას დააკავეს. როგორც მთივლიშვილმა განაცხადა, პოლიციის შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მისი საავადმყოფოში მოთავსება გახდა აუცილებელი.

















