საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ მიერ საქალაქო სასამართლოსთან გამართული მდუმარე აქცია დასრულდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ წარმომადგენელმა კოკა კვინიკაძემ განუცხადა, საზოგადოებრივი მოძრაობა სამი წელია 21 მაისს პატიმართა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს.
„ამასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ უფლებადამცველები საქალაქო სასამართლოსთან, რადგან სწორედ აქ მიმდინარეობს უსამართლო გადაწყვეტილებების მიღება. ვარჩიეთ, რომ მდუმარე ფორმით გაგვეპროტესტებინა ის უსამართლიბა, რაც სასამართლოში ხდება“- განუცახადა „ნიუსპრესს კვინიკაძემ.
მისივე ცნობით, აქციას უფლებადამცველები, პატიმრთა ოჯახის წევრები, და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - ნანა კაკაბაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ლალი აფციაური და სხვები ესწრებოდნენ.
21 მაისი უკანონო და პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობის დღედ 2009 წელს ორგანიზაციის ინიციატივით გამოცხადდა და უკვე მე-3 წელია უფლებადამცველების მიერ აღინიშნება.

















