შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელ მამუკა ქარდავასთან დაკავშირებულ ინცინდენტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 20 მაისს 02 საათსა და 30 წუთზე ხობში პატრულირებისას ხობის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა ქარდავა მის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი"-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანით სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042 შეჯახებული იყო იქვე რკინიგზის გადასარბენზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს.
„შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული თავად მამუკა ქარდავას, დაზიანებული იყო მისი ავტომობილიც, რადგან ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, ინსპექტორ გამომძიებელმა აღნიშნულის შესახებ 02 საათსა და 37 წუთზე შეატყობინა ხობის რაიონულ სამმართველოს. (აღნიშნული შეტყობინება საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას საქართველოს ს.ს.კ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით). რადგან ადგილი ჰქონდა მძღოლის მიერ სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, მამუკა ქარდავას განემარტა, რომ მოხდებოდა ალკოჰოლური თრობის დადგენის მიზნით ალკოტესტით შემოწმება და ქარდავა შემოწმებულ იქნა ალკოტესტით-NST-E 05139, რომელმაც დაადასტურა ალკოჰოლის მიღება“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მათი ცნობით, დამატებითი ანალიზებისთვის მასალები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. გამომდინარე იქიდან, რომ ქარდავას ტკივილები აწუხებდა, ინსპექტორ-გამომძიებელმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, რომელმაც იგი ხობის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინანაგნ საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრებისას, ქარდავამ განაცხადა, რომ მას მოუვიდა ავარია, ცემის შესახებ კი - არაფერი უთქვამს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ფორმალური დაკითხვა იმ ეტაპზე არ მომხდარა.
„20 მაისს, შუადღისას, მამუკა ქარდავამ გააკეთა განცხადება, რომ მას მანქანაში ჩაუჯდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა. ამ განცხადების შემდეგ, პოლიციამ ქარდავას უწყება გაუგზავნა და მისი დაკითხვა მოითხოვა. ქარდავა ამ ეტაპამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით დაკითხვაზე უარს აცხადებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, პოლიცია მკურნალი ექიმების თანხმობის შემდეგ, დაუყოვნებლივ დაკითხავს ქარდავას. საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

















