ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებით თანახმად, 20 მაისს თიანეთის პოლიციის რაიონულ შენობასთან ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სურათებს უღებდა პოლიციის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს.
„პოლიციიელებმა სთხოვეს მას ვინაობის დასახელება, რაზეც მთივლიშვილმა უარი განაცხადა. ვინაობის დადგენის მიზნით იგი შეყვანილ იქნა პოლიციის შენობაში, საიდანაც რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დადგენილ იქნა მისი ვინაობა, თუმცა მან შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილს იძულების წესით დაატოვებინეს პოლიციის შენობა. ინციდენტის დროს ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“ - აცხადებენ სამინისტროში.
მათი განმარტებით, პრესის წარმომადგენლებს სრული უფლება აქვთ სურათები გადაუღონ პოლიციის შენობებს და პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა, სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს კორექტულობისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტ გელა მთლივლიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. როგორც გათავისუფლების შემდეგ მთივლიშვილმა აღნიშნა, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

















