არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ მიიჩნევს, რომ „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმეზე მალხაზ ნაგერვაძე, თენგიზ ნაგერვაძე და ლევან დუმბაძე უკანონოდ არიან დაკავებულები.
როგორც „ნიუსპრესს ორგანიზაციიდან აცნობეს, აღნიშნული პირები მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მათ ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება არ მისცეს.
„2007 წლიდან დაწყებული ბიზნესმენის მიზანმიმართული დევნა დღემდე გრძელდება. პროკურატურის მთავარ სამიზნეს მხოლოდ ანზორ ქოქოლაძე წარმოადგენს და მისი სამაგალითო დასჯა ყველა უკანონო საშუალებით ხდება“-აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ აცხადებს, რომ წინა პროცესზე, დასკვნითი სიტყვის წინ, პროკურორმა სასამართლოს წინაშე ანზორ ქოქოლაძის სისხლის სამართლის საქმის ცალკე გამოყოფის თაობაზე იშუამდგომლა და მიუხედავად ადვოკატების არგუმენტირებული უარისა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესების მონიტორინგს აგრძელებს. ორგანიზაცია პროცესებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დააკვირდება.
მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის სასამართლო 21 მაისს გაიმართება. პატიმრების უფლებებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი გაგი მოსიაშვილი დაიცავს.

















