საქართველოს სახალხო დამცველმა რუსთაველის გამზირზე მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისას ხელისშეშლის ფაქტის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მშვიდობიან მსვლელობას მართავდა, მსვლელობის თარიღისა და ადგილის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის მერიას აცნობეს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მსვლელობისას აქციის მონაწილეებს მოქალაქეთა ჯგუფი აედევნა, რომლის წევრებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოგვიანებით, მათ რუსთაველის გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი სავალი ნაწილი გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, ხოლო ნაწილს კი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავმა ორგანოებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის, აქციის მონაწილეები, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ინციდენტის ადგილზე.
„ამჟამად აღნიშნული ფაქტის გარშემო ახსნა-განმარტებების მოპოვება და ვიდეო-მასალის ანალიზი მიმდინარეობს. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ქცევის ადეკვატურობისა და კანონშესაბამისობის შეფასების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა რაოდენობის, დაკავების საფუძვლებისა და ადგილზე გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მიღებული ინფორმაციის დეტალური ანალიზის შემდეგ, სახალხო დამცველი სათანადო რეაგირებას მოახდენს.
„სახალხო დამცველი შეუწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას დაუშვებლად მიიჩნევს. მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლებით სარგებლობისთვის სათანადო პირობების შექმნა სამართალდამცავი ორგანოების პოზიტიური ვალდებულებაა“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
ფილარმონიასთან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებმა, უფლება დამცველებმა და ე.წ „LGBT საქართველოს“ წევრებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია გუშინ გამართეს და თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
მსვლელობის პროცესში, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს ახალგაზრდების ჯგუფი გადაუდგა წინ და მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი - ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და დაპირისპირების მონაწილეები დააკავეს. გარკვეული დროის შემდეგ მათი ნაწილი გაათავისუფლეს.

















