მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ქსნის მე-15-ე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის პეტრე ოვანოვის გაუპატიურების ფაქტზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა ზურაბ დიასამიძემ, კოკა კვინიკაძემ და ვლადიმერ მაჭარაშვილმა დღეს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადეს.
მათი თქმით, ორი დღის წინ, პეტრე ოვანოვის მეგობარმა ყოფილმა პატიმარმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ადვოკატ ეკა ბესელიას, საადვოკატო ბიუროში ოვანოვის ხელნაწერი მიუტანა.
წერილში ოვანოვი ქსნის მე-15-ე დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ, მორალურ ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. კონკრეტულად კი, წერილის თანახმად, ოვანოვის თქმით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა ის გააუპატიურეს, სასტიკად სცემეს და დაემუქრნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა, მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდებოდა. მსჯავრდებული წერილში დახმარებას ითხოვს.
,,მოგახსენებთ, რომ ამ ყველაფერში უშუალოდ მონაწილეობდნენ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ასევე, თანამშრომლები ლევან ლეჟავა, გიორგი ფარჯანაძე და დიმა ჩხეიძე. ამ ყველაფრის გახმაურება, რასაც ახლა ვამბობ, თავგანწირვის ტოლფასია, რადგან მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს მუქარა სისრულეში მოიყვანონ“ - აღნიშნულია პეტრე ოვანოვის წერილში, რომელიც დღეს ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ წევრებმა მედიას გააცნეს.
მათივე თქმით, წერილის მიღების შემდეგ, ისინი გაემგზავრნენ აღნიშნულ დაწესებულებაში და ოვანოვს წერილის უტყუარობა უშუალოდ დაადასტურებინეს.
,,ეს იყო მოკლე პერიოდის შეხვედრა, ოვანოვი იყო ძალიან დაძაბული და ღიად ვერ საუბრობდა, თუმცა, დაადასტურა, რომ ის ნამდვილად გააუპატიურეს. ასევე, აღნიშნა, რომ ის თავის მოკვლას არ აპირებს და მისი გარდაცვალების შემთხვევაში პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების თანამშრომლებს აკისრებს“- განაცხადა ვლადიმერ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ისინი დღესვე პროკურატურაში საჩივარს შეიტანენს, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს. ასევე, ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.
ამასთან, მათივე თქმით, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა სახალხო დამცველს და გიორგი ტუღუში სიტუაციის გასაცნობად ქსნის მე-15-ე დაწესებულებაში პირადად გამეგზავრა.

















