საქართველოს სახალხო დამცველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მოქალაქე ზეინაბ ბიწაძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ბიწაძემ მათ მისი შრომის უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებით აცნობა. სახალხო დამცველმა კი, საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია შეისწავლა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მოქალაქე ზეინაბ ბიწაძე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა. 2010 წლის 10 ნოემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, აღნიშნული სამსახურის რაიონული სამმართველოები გაუქმდა და კახეთის რეგიონული სამმართველო შეიქმნა. 10 ნოემბერს ზეინაბ ბიწაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97–ე მუხლი დაედო.
„ის, თუ რატომ მოხდა ზეინაბ ბიწაძის თანამდებობიდან გათავისუფლება ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით დასაბუთებული უნდა ყოფილიყო. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა ზეინაბ ბიწაძის პროფესიული ჩვევები და კვალიფიკაცია სამსახურის მიერ წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხში ის სამართლებრივი წანამძღვრები არსებობს, რომლითაც კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი დასტურდება.

















