ვალერი გელბახიანმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, პოლიციას ჩაბარებოდა და საზღვრის გადმოკვეთისთანავე სამართალდამცველებას საკუთარი ვინაობა უთხრა, - ამის
შესახებ "ნიუსპრესს" დაკავებულის ვაჟმა ირაკლი გელბახიანმა განუცხადა.
მისი თქმით, გელბახიანი ამჟამად გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი. "მამამ ეს გადაწყვეტილება დედის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო. ბებია უკვე ერთი კვირაა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ დედა აუცილებლად ენახა. ამავდროულად, მას რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ და საზოგადო მოღვაწეემ თავდებობა აღუთქვა. ჩვენ სარჩელიც შევიტანეთ, თუმცა სასამართლომ თავდებობაზე უარი თქვა", - აღნიშნა ირაკლი გელბახიანმა.
მისივე თქმით, ოჯახს პოლიტიკური ძალების, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერის იმედი აქვს. "პირადად მე არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება რაიმე შეთანხმებაზე წამოვა, რაც უკვე მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებამ დაადასტურა", - განაცხადა ირაკლი გელბახიანმა.
ვალერი გელბახიანი სამართალდამცველებმა დღეს, საქართველო-სომხეთის საზღვრის სადახლოს გამშვებ პუნქტზე დააკავეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია მისი ვაჟიც, ირაკლი გელბახიანი, რაც არ დადასტურდა.

















