სახალხო დამცველმა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს
პატიმარ პ.კ-ს #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველი აპარატიდან აცნობეს, პატიმარი პ.კ-სთვის გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები სათანადო მკურნალობისა და მოვლისთვის არაადექვატურია.
მათი ინფორმაციით, 2012 წლის 30 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული #8 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს ესაუბრა. პატიმრის გადმოცემით, 2002 წელს მან ქალა-ტვინის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო, რის შემდეგაც იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, პატიმარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის აუცილებელი საშუალებებით არ არის უზრუნველყოფილი.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოადგინეს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - „ვექტორის“ მიერ აღნიშნული პატიმრის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადასტურებს“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

















