იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის ბოლო ეტაპზე წარმოდგენილი 600 ნაშრომიდან შერჩეული 11 საუკეთესო ესეს ავტორმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტური პრეზენტაციის ტრეინინგი გაიარეს.
სემინარის დასრულების შემდეგ კონკურსანტებმა თემაზე - „რატომ არ ატყობინებენ საქართველოში მოქალაქეები დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს" თხზულება დაწერეს, დღეს კი, ავტორებმა ესეების პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში მოაწყვეს.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული ყველა მონაწილე სიგელებით დაჯილდოვდა, ხოლო გამარჯვებულებს - პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
თხზულებების კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ მთავარ პროკურატურასთან ერთად, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, 26 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს და საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეეძლოთ.

















