თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით, დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, თემაზე - ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა საქართველოში - მრგვალი მაგიდა გაიმართა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და მასში უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და ადვოკატები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ადვოკატთა საქმიანობის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ასევე, სამოქმედო სტრატეგია და ადვოკატთა ინსტიტუციური დევნის წინააღმდეგ კამპანია დაგეგმეს.
შეხვედრას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე და სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მჟავანაძე ესწრებოდნენ.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ არასამთავრობო სექტორს პრობლემების განსახილველად პარლამენტის ტრიბუნა შესთავაზა, ირაკლი მჟავანაძემ კი განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ადვოკატთა დევნის ფაქტებზე რეაგირებისთვის მზად არის.
მრგვალ მაგიდაში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ასევე, ორგანიზაციები - „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“, „საზოგადოებრივი დამცველი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, „კავკასიის ქალთა ქსელი“ მონაწილეობდნენ.

















