კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლის ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის და მისი ნათესავების მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის მორიგი
სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ აცნობეს, დღევანდელ პროცესზე პროკურორი დასკვნითი სიტყვით გამოვა. საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.
ბიზნესმენის სასამართლო პროცესს რამდენიმე უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება. მათ შორის არიან „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები, რომლებიც სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგს ახორციელებენ.
საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ქოქოლაძემ აღნიშნა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები იმ უკანონო და თაღლითური გეგმის გაგრძელებაა, რომელიც „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლით დაიწყო.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ ინფორმაციით, მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის დაპატიმრებაც ანზორ ქოქოლაძეზე ზეწოლის მიზნით მოხდა. მათ ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.
როგორც ცნობილია, ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და ბრალად თაღლითობა და დოკუმენტაციის გაყალბების წაქეზება დაედო. საქალაქო სასამართლომ 2011 წლის აპრილში ქოქოლაძეს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















