თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ალექსიძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა განუცხადა, სხდომაზე ე.წ. პაექრობის ეტაპი გაიმართება და წინა სხდომებზე მოსმენილი ახსნა-განმარტებები შეჯამდება.
მისი თქმით, შესაძლოა, მან ბრალდების მხარის რეპლიკებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს, რის შედეგადაც საქმის განხილვა დასრულდება.
„დიდი ალბათობაა, რომ საქმის განხილვა დღეს დასრულდეს, ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადებას, შესაძლოა, სასამართლომ ის გადადოს“- განაცხადა ადვოკატმა.
ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო, დისციპლინარულმა საბჭომ მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ოჯახი დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და იმავე სკოლაში ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენას მოითხოვს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე მოსწავლედ თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება.

















