კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ფინანსურ ოპერაციებში უზუსტობები და ხარვეზები დაფიქსირდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 23 774.3 ლარის შემოსავალია დეკლარირებული, საბანკო ამონაწერში კი, 28 290.3 ლარის შემოსავალი ჩანს. დეკლარირებულია საკასო 22 984 ლარის ხარჯი, საბანკო ამონაწერში 27,690.13 ლარის ხარჯვა ჩანს.
განცხადების თანახმად, ასევე, უზუსტობები დაფიქსირდა პარტია „ქართული დასის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა“ და „კონსერვატიული პარტიის“ დოკუმენტებში.
„ქართული დასის“ შემთხვევაში, ადგილი აქვს შემოსავლებისა და ხარჯების არასწორ ჩვენებას. პარტიას საბიუჯეტო დაფინანსება გატარებული აქვს, როგორც საარჩევნო კამპანიის შემოსავალი, მაშინ როდესაც, პალატის განცხადებით, საანგარიშგებო პერიოდში (01/01/2012-01/03/2012) არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო კამპანია არ უწარმოებია.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ არცერთ საწევრო შენატანს არ აქვს მითითებული ანგარიშის ნომერი, ხოლო რამდენიმე მათგანი ნაღდი ფულით არის შეტანილი. კერძოდ, საბანკო ამონაწერში 686 ლარის შემოსავალი არ ჩანს.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, „კონსერვატიულ პარტიას“ დეკლარირებული აქვს 34 616 ლარის ხარჯვა, ბანკში კი, 92 847.2 ლარის ხარჯი ჩანს.

















