საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერაქტებში ბრალდებულთა სასამართლო-სააპელაციო პროცესზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა გოგიტა და გოდერძი არქანიებმა, რომლებთანაც პროკურატურას საპროცესო შეთანხმება თითქმის მიღწეული ჰქონდა, შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვეს.
„ამიტომ, პროკურატურამ დამატებითი დრო მოითხოვა არქანიებთან პირობების დასაზუსტებლად. შესაძლოა, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება სხვა მსჯავრდებულებთანაც დაიწყოს“ - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
გარდა არქანიებისა, ამ ეტაპზე, სხვა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარობს.
პროკურატურამ მათ 2 კვირის წინ გარკვეული პირობები შესთავაზა, თუმცა, იმის გამო, რომ მსჯავდებულები ამ პირობებს არ დათანხმდნენ, მოლაპარაკება დროებით შეწყდა.
შემდეგი სხდომა 16 მაისს გაიმართება.
თბილისში აფეთქებათა სერიის ორგანიზებაში ბრალდებული 12 პირი 2010 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მამუკა შონიას, ჯონი აბულაძეს, გოგიტა და გოდერძი არქანიებს, მერაბ ყოლბაიას, მარიამ ნიკოლავას, გოჩა ხურცილავას, ლელა ხურცილავას და ჯენერი მატკავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-დან 30-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















