ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ
პოლიციელს, სერგი საცერაძეს დღეს, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებამდე, სერგი საცერაძე სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს. ბრალდებულის თქმით, ის მკვლელობის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდაცვლილის ოჯახი კი სასჯელის უმკაცრეს ზომას ითხოვდა.
19 წლის სალომე ჯორბენაძე ზესტაფონში 2014 წლის 25 ივლისს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლე, პოლიციის თანამშრომელი, სერგი საცერაძეა. სერგი საცერაძეს ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი), რომელიც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.