საქართველოში განხორციელებულ ტერაქტებში ბრალდებულთა წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში დღევანდელი სასამართლო სხდომა ჩაიშალა.
როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, სხდომის ჩაშლის მიზეზი პროცესზე პროკურორის გამოუცხადებლობა გახდა.
მისი თქმით, ასევე, სხდომაზე არ გამოცხადდა შვიდი ადვოკატიდან ორი, კერძოდ, ბრალდებულების - გოგიტა და გოდერძი არქანიების ადვოკატები.
„პროკურორს საათზე მეტ ხანს ველოდეთ. თქვეს, რომ შენობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ სხდომათა დარბაზში არ შემოსულან. გამოითქვა ვარაუდი, რომ ის არქანიების ადვოკატებთან ერთად პატიმრებთან იყო ჩასული სარდაფში და საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობდნენ“- აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
ტერაქტებისთვის მსჯავრდებულთა შემდეგი სასამართლო სხდომა 10 მაისს დაინიშნა.
როგორც ცნობილია, თბილისში აფეთქებათა სერიის ორგანიზებაში ბრალდებული 12 პირი 2010 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მამუკა შონიას, ჯონი აბულაძეს, გოგიტა და გოდერძი არქანიებს, მერაბ ყოლბაიას, მარიამ ნიკოლავას, გოჩა ხურცილავას, ლელა ხურცილავას და ჯენერი მატკავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-დან 30-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება მოხდა აშშ-ს საელჩოს სიახლოვეს, 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა იყო, 21 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა თბილისის რკინიგზის სადგურთან, 28 ნოემბერს აფეთქება მოხდა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი. იმავე დღეს აფეთქება მოხდა მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან.

















