მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისთვის თავის არიდება ჯარიმით დაისჯება.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილები შედის, რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით.
ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული ამ სასჯელს იხდიდა, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რომელიც ნასამართლეობის მოხსნას უკავშირდება. პირობით მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლეობის მოხსნა შესაძლებელია გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროკურორს მსჯავრდებულთან სამოქალაქო შეთანხმება აქვს გაფორმებული და მსჯავრდებულმა ჯეროვნად შეასრულა სამოქალაქო შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები.
ცვლილებების თანახმად, პროკურორს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება. სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები და დრო რომლის განმავლობაშიც აღნიშნული მოვალეობები უნდა შესრულდეს. ამ დროის გასვლის შემდეგ, პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და ნასამართლეობა მოეხსნას.
პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას პრობაციის ბიურო ახორციელებს, რომელიც პერიოდულად პროკურორს ინფორმაციას წარუდგენს შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.

















