საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია #18 პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ორი პატიმრის - ზურაბ დელიანიძისა და თენგიზ ბელქანიას
გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, პატიმართა გარდაცვალების მიზეზის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ვერსიების მიუხედავად, თითოეულ ფაქტზე ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„საია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მიერ 2012 წლის 4 მაისს გაკეთებულ განცხადებას მიესალმება, რომლის მიხედვით ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მთავარ პროკურატურას გადაეცა “ - აცხადებენ საია-ში.
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გამოძიების ობიექტურობის, ეფექტურობის და გამჭვირვალობის პრინციპის დასაცავად, აუცილებელია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს დაზარალებულის
სტატუსი მიენიჭოთ.
საია-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ზურაბ დელიანიძისა და თენგიზ ბელქანიას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზები უცნობია, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ორივე გარდაცვლილ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
„საია საგამოძიებო ორგანოებს შეახსენებს, რომ პატიმრებისთვის არაადეკვატური და არადროული მკურნალობის აღმოჩენა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არასათანადო მოპყრობას უტოლდება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია“ - აცხადებენ საია-ში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საია კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას სასჯელის მოხდა, გადავადება-გათავისუფლების საკითხებში სასამართლოსა და ერთობლივი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამ კუთხით ერთობლივი კომისიის მუშაობა არაეფექტურია.
დელიანიძე მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 1 მაისს გარდაიცვალა. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. თენგიზ ბელქანია კი, იმავე დაწესებულებაში 4 მაისს გარდაიცვალა

















