„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი მელაძეების ოჯახს საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას ურჩევს.
როგორც ჯავახიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბანკი „ქართუ“ მზადაა, თანხა, რომელსაც სასამართლო დააკისრებს, გადაიხადოს, მელაძეების მიერ მოთხოვნილი 3 მილიონის გადახდას კი, არ აპირებს.
„პირადად შევხვდი ცოლ-ქმარ მელაძეებს და საქმის დეტალები მოვისმინე. ვუთხარი, რომ სტრასბურგის სასამართლო 3 მილიონს დაგვაკისრებს თუ 6 მილიონს გადავიხდით, მაგრამ „მინდა და მომეცის“ პრინციპი არ იქნება“-აღნიშნა მან.
ჯავახიშვილის განმარტებით, დაზარალებულებს სახლის აშენება რომ მოეთხოვათ, შესაძლოა, მათი თხოვნა დაკმაყოფილებულიყო.
„კანონით მართლები ვართ, მაგრამ, შესაძლოა, ამ შემთხვევაში საქმისთვის არა კანონის, არამედ სამართლიანობის კუთხიდან შეგვეხედა“- აღნიშნა მან.
ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ მელაძეებს ზურგს ხელისუფლება უმაგრებს.
მელაძეების ოჯახი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართუ ბანკს“ მათი კუთვნილი სახლისა და მიწის ნაკვეთის მითვისებას ედავება. მელაძეების თქმით, წყნეთის ხევში მდებარე მათი ქონება „ქართუ ჯგუფს“ 2007 წელს ნინო ბურჯანაძის პირადი განკარგულებით გადაეცა, როდესაც ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

















