საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების გაუხეშებას დაუშვებლად მიიჩნევს და მათ საზოგადოების მიმართ კეთილგანწყობისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, უმუშევრობა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, ხალხის ყველაზე მწვავე საფიქრალი ელემენტარული არსებობაა, ამიტომ, საზოგადოებასთან მოპყრობაში განსაკუთრებული დელიკატურობა და სიფაქიზე გვმართებს“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სამართალდამცავები საზოგადოების გაჭირვებას განსაკუთრებული გულისხმიერებით უნდა მოეკიდნონ.
„თქვენ ეს არ გაგიჭირდებათ, რადგან თქვენი ხელფასებიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს. ვიცით, რომ მეტს იმსახურებთ, მაგრამ მოდით, შევინარჩონოთ ეს სისპეტაკე და საქართველოს კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, თქვენ უფრო მეტი ხელფასები გექნებათ“ - მიმართა გორში გამართულ საზეიმო აღლუმზე პრეზიდენტმა პოლიციელებს.
სიტყვით გამოსვლისას მან პოლიციის ნეიტრალური პოზიციის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიული ქვეყნის პოლიცია ვართ. ქვეყნის შიგნით ყველა პოლიტიკურ პროცესში პოლიცია ნეიტრალურია და ყველას ერთნაირი საზომით უდგება“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პოლიცია კონსტიტუციური წესრიგის დასაცავადაა მოწოდებული და არა რომელიმე პოლიტიკოსის. თუმცა, მისივე თქმით, ამ წესრიგის „აყირავების“ ყველანაირ მცდელობას საქართველოს პოლიცია შესაბამის პასუხს გასცემს.

















