სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სამინისტროსთან შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არ შეხვდა.
როგორც აქციის წარმომადგენლებს სამინისტროს კანცელარიაში აცნობეს, სამუშაო საათები დასრულდა და შესაბამისად, მინისტრთან შეხვედრა დღეს ვერ მოხერხდება. მათ კანცელარიაში, ასევე, განუცხადეს, რომ მინისტრის ოფიციალურ წერილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაგზავნიან, რომელშიც მიუთითებენ შეხვდება თუ არა კალმახელიძე საზოგადოების წარმომადგენლებს.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ სამინისტროს მხრიდან ასეთ ქმედებას მოქალაქეთა მიმართ ცინიკური დამოკიდებულების შეფასება მისცა.
ფოფხაძემ არადამაჯერებლად მიიჩნია სამინისტროს პრესსამსახურისგან მიღებული ინფორმაცია კალმახელიძის ქალაქში არ ყოფნის შესახებ, რაც პრესსამსახურმა მინისტრის მათთან არ შეხვედრის მიზეზად დაასახელა.
სამინისტროსთან აქცია დასრულდა.
სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის წევრის შორენა შავერდაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციის მონაწილეები ხვალ პარლამენტის წინ სოციალური ქსელის საშუალებით დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
შავერდაშვილის თქმით, ხვალინდელ აქციაზე ისინი კვლავ მოითხოვენ ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრას და საპატიმროში გარდაცვლილი ზურაბ დელიანიძის საქმეზე ოფიციალურ ახსნა-განმარტებას.

















