დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გარდაცვლილ პატიმარს ზურაბ დელიანიძეს გარეგნული დათვალიერებით,
სხეილზე ნაწოლები აღენიშნება და არა წამების კვალი.
როგორც გეჯაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მან ცხედარი დაათვალიერა, რომლის შედეგად, გარდაცვლილის ქუსლის, კუდუსუნისა და მხრების ზონებში ნაწოლები დაფიქსირდა. ეს კი, ხანგრძლივი წოლის შედეგად იყო წარმოქნილი.
მისივე თქმით, მაღალი ალბათობით, პაციენტს შესაბამისი და ჯეროვანი მოვლის შემთხვევაში, ნაწოლები არ უნდა განვითარებოდა.
„როცა ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ პატიმარი წამების შედეგად არ გარდაცვლილა, გაუჩნდათ შეკითხვები - სწორად ჩაუტარდა თუ არა მას მკურნალობა და სიკვდილი არასწორმა მკურნალობამ ხომ არ გამოიწვია. ამ საკითხების გარკვევის მიზნით, გვამი სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებამ გაკვეთა“ - აღნიშნა გეჯაძემ.
მისი ინფორმაციით, გვამის გამოკვლევის მონაცემების მიღების შემდეგ, გამოძიებამ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, რომელშიც მოცემული დაავადების პროფილის ექიმ-სპეციალისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.
გეჯაძის განმარტებით, ჩაუტარდა თუ არა პატიმარს მკურნალობა და მკურნალობის სწორად ჩატარების შემთხვევში რამ გამოიწვია სიკვდილი, ამის შესახებ სპეციალისტები დასკვნას გარდაცვლილის ავადმყოფობის ისტორიისა და გვამის გამოკვლევების მონაცემების შეჯერების საფუძველზე გამოტანენ.
„დელიანიძის ოჯახმა სურვილი გამოთქვა მეც ჩავრთულიყავი ამ პროცესში - განმეორებით გამოკვლევაში ან კომისიის მუშაობაში, რაზეც დავთანხმდი. თუ სახელმწიფო საექსპერტო კომისიას გამოძიება ჩემს ჩართულობასაც დაავალებს, მე უპრობლემოდ მივიღებ მონაწილეობას“- აღნიშნა გეჯაძემ.
პატიმარი ზურაბ დელიანიძე რამდენიმე დღის წინ 18 საკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

















