იტალიაში მასშტაბური სპეცოპერაცია „დანკოს“ შედეგად სამართალდამცავებმა 33 წევრიანი ქართველთა ყაჩაღური დაჯგუფება დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად, 5 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ევროს აღემატება. დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას 150 000 ევრო იქნა აღმოჩენული. მთლიანობაში კი, მათ მიერ ნაძარცვი ქონების საერთო ღირებულება 10 მილიონ ევროა.
ასევე, კარაბინიერებმა ის ნივთებიც იპოვეს, რომლითაც დანაშაულში ეჭვმიტანილები ბინებში შეღწევას ახერხებდნენ. დაკავებულები საკეტში სპეციალურ მედალს ათავსებდნენ, რომელიც გასაღების ფორმას იღებდა და კარს ხსნიდა.
იტალიელი სამართალდამცავების ცნობით, მათ 33 ქართველთან ერთად იტალიის 5 მოქალაქეც აიყვანეს, რომლებიც მათ ნაძარცვის გასაღებაში ეხმარებოდნენ. საქმეში ჩართული იყვნენ მოლდოველებიც.
დაჯგუფების წევრები ჯერ იტალიის ქალაქებში მილანსა და რომში მოქმედებდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც მათი პარტნიორები იანვარში სპეცოპერაციის დროს დააკავეს, მძარცველებმა გენუაში, ნეაპოლსა და პერუჯაში გადაინაცვლეს.
მედიის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფება მთელი ევროპის მასშტაბით მოქმედებდა. სამართალდამცავებმა სულ სამი სპეცოპერაცია „ბედნიერი საათები“, „ოქროს როლექსი“ და „დანკო“ ჩაატარეს, რის შედეგადაც დაჯგუფების 150 წევრზე მეტი დააკავეს და მთლიანობაში 10 მილიონი ევროს ღირებულების ნაძარცვი ამოიღეს.
აღნიშნულის შესახებ ოფიციალური უწყება საქართველოს საელჩომ იტალიაში უკვე მიიღო. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

















