რუსთავის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე
უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციამ აღნიშნული ფაქტის გამოიძიებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, კონტროლის პალატას და პროკურატურას მიმართა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსთავის ზოგიერთ უბანში კორპუსების მაცხოვრებელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია შეგროვდა, ხოლო აღდგომის დღეს საჩუქრად ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო მიუტანეს. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ფაქტს რუსთავის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ.
„საჩუქარი რუსთავის მე-15 და 21-ე მიკრორაიონებში, ასევე თოდრიას, ლომოურის და ლეონიძის ქუჩებზე დარიგდა. ზოგიერთ უბანში საჩუქარი რუსთავის გამგეობისა და ქვემო ქართლის გუბერნიის თანამშრომლებმაც დაარიგეს, თუმცა, ყველგან პირდაპირ ითქვა, რომ ნობათი თამაზ გველუკაშვილის გაგზავნილია“ - ნათქვამია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ აღნიშნულ ქმედებას პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის შეფასება მისცა. განცხადების თანახმად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პარტიას კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა ეკრძალება. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის ან სხვა ქონების გადაცემა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ან ჯარიმა ეკისრება.

















