საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში გაცემულ დოკუმენტებზე სალეგალიზაციო შტამპის დასმა ელექტრონულად მოხდება.
დოკუმენტების ლეგალიზაციის სფეროში მოქალაქეებისთვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, სიახლე 1 მაისიდან ამოქმედდა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დოკუმენტების ლეგალიზაციას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განახორციელებენ, შესაძლებლობა მიეცემათ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიუსვლელად ადგილზევე მიიღონ საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ ლეგალიზებული დოკუმენტები, რათა ლეგალიზაციის საბოლოო პროცედურის გასავლელად ისინი შესაბამისი ქვეყნების საელჩოებში წარადგინონ.
ელექტრონულად ლეგალიზებული დოკუმენტების გადამოწმება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ რეესტრში, სადაც ასევე გადამოწმდება როგორც დოკუმენტი, ასევე საქართველოს კომპეტენტური უწყებების მიერ მისი ლეგალიზების ფაქტები.
ნასამართლეობის ცნობების და მათი თარგმანების ლეგალიზებული დოკუმენტის გადამოწმება შესაძლებელია ინტერნეტ მისამართზე www.ms.mia.ge/aplg.aspx, სხვა დანარჩენი დოკუმენტების კი, www.passport.gov.ge/alp.
ელექტრონულ რეესტრში დოკუმენტის მოძიება სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ნომრის და თარიღის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, იმ დოკუმენტებზე, რომელთა ლეგალიზაცია 2012 წლის 1 მაისამდე მოხდა, ლეგალიზაციის მანამდე არსებული წესი ერთი თვის განმავლობაში გავრცელდება.

















