„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქუთაისის მერიის მიერ ,,ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქციის დაშლას გაუმართლებლად მიიჩნევს.
ასოციაცია ახალგაზრდების საპროტესტო აქციის წინააღმდეგ დასუფთავების სამსახურის წყალსატყორცნი მანქანების გამოყენებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევად აფასებს.
„საიაში“ აცხადებენ, რომ აქტივისტების შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე არ იმართებოდა. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს ქუთაისის მერიაში გაფრთხილების შეტანა არ მოეთხოვებოდათ.
„შეკრება იყო კანონიერი. საია დამაჯერებლად არ მიიჩნევს დასუფთავების სამსახურის ქმედების გამართლებას ქალაქის სანიტარიულ-ჰიგიენური ან ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვის ინტერესებით. გაუგებარია, რა საფრთხე შეიძლება შეუმნას ქალაქის სანიტარიულ ან სახანძრო უსაფრთხოებას პლასტიკურ ჭიქაში მოთავსებულმა რამდენიმე სანთელმა“- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
„საიაში“ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სანთლებით საკუთარი მოსაზრების მშვიდობიანი გამოხატვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების არსებითი ნაწილია და ხელისუფლებას ვალდებულება ეკისრება - ხელი არ შეუშალოს აღნიშნულ ღონისძიებას.
„ქუთაისის მერიის ქმედება - გაეწმინდა ქალაქი პლასტიკური ნარჩენებისაგან - გამართლებული იქნებოდა მხოლოდ შეკრების დამთავრების შემდეგ, თუკი, დემონსტრანტები თავად არ გაიტანდნენ პლასტიკურ საგნებს. „საია“ გაკვირვებულია ქუთაისის მერიის მოუთმენლობით, რომელმაც ღონისძიების დასრულებამდე დაიწყო დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება წყალსატყორცნი საშუალებების გამოყენებით“ - აცხადებენ ასოცოაციაში.
„საია“ მზადყოფნას გამოთქვას შეკრებაში მონაწილე პირებს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს.
,,ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან გუშინ ღამით, ,,ქუთაისქალაქობის” აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მათ ანთებული სანთლებით წარწერა ,,გილოცავთ ქუთაისობას“ გამოსახეს. შეკრების მიმდინარეობისას ფეხით სავალ ნაწილს სატვირთო მანქანა მიუახლოვდა, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრაცია წყლის ჭავლით დაშალა.

















