ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში დამნაშავეები მიმდინარე წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაისჯებიან.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
სუბარი კორტებთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც 2006 წლის 2 მაისს, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულობის მკვლელობას აპროტესტებდნენ.
სუბარი აღნიშნული სპეცოპერაციის ჩატარების დროს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი თქმით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა.
სუბარის განმარტებით, ალტერნატიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ექსპერტიზის ინფორმაცია, თითქოს მანქანაში მყოფი ვაზაგაშვილი და ხუბულოვი მანქანიდან პოლიციის მიმართულებით ისროდნენ, ტყუილია.
„ჩემი ექსპერტიზის თანახმად, არ გამოვლინდა მანქანიდან გამომავალი ტყვიების შემთხვევა, არც სავარძლებზე აღმოჩნდა დენთის კვალი. ფაქტია, ამ საქმის გაყალბებაში სახელმწიფოს მთელი მანქანა იყო ჩართული. ტყუილია, ისიც თითქოს, ისინი საყაჩაღოდ მიდიოდნენ“ - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, დღევანდელი პროტესტი დამნაშავეებს საკუთარ ქმედებას ახსენებს.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობისთვის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.

















