სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ზურაბ ვაზაგაშვილისა და
ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის დაწყებამდე, ქალაქში ავტომობილების კორტეჟით მსვლელობას მოაწყობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობოთა კოალიცია „სამოქალაქო ერთობის“ წარმომადგენელმა მიხეილ მუმლაძემ განუცხადა, მსვლელობა 12:00 საათზე ვაზაგაშვილის სახელობის ცენტრ „ჯაზუდან“ დაიწყება, ხოლო კორტებთან აქცია 14:00 საათზე იგეგმება.
მსვლელობის მონაწილეები ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით პროკურატურის შენობასთან მივლენ, სადაც მცირეხნიან საპროტესტო მიტინგს გამართავენ, შემდეგ კი, კორტებთან გადაინაცვლებენ.
„სამოქალაქო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ეს ისეთი სისხლიანი სპეცოპერაცია იყო, რომელსაც ხანდაზმულობა არ აქვს. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, რა ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს ამ ფაქტების გამოძიებას და ყველა იმ პირის დასჯას მოვითხოვთ, ვინც ამ სისხლიან სპეცოპერაციაში მონაწილეობდა“ - განაცხადა მუმლაძემ.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ე.წ კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.

















