მოქალაქე ალექსანდრე ახვლედიანის ოჯახი ,,ბანკი ქართუსგან” საკუთარი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ
ოჯახის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ დღეს, ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ახვლედიანების საქმე 1998 წლიდან იწყება - შპს „იმერეთი პლიუსის“ შემადგენლობაში არსებობდა სამი ბენზინგასამართი სადგური, საიდანაც ორი კრიმინალურ ავტორიტეტს ბონდო შალიკიანს ეკუთვნოდა, ხოლო ერთი ახვლედიანების ოჯახს. 1998 წლის 28 მიასს, შპს „იმერეთ პლიუსს“ და ბანკ ,,აბსოლუტს“ შორის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმადაც, იპოთეკით დაიტვირთა ახვლედიანების კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური, რის სანაცვლოდაც მათ 300 ათასი აშშ დოლარი მიიღეს.
ადვოკატის განმარტებით, 2001 წლიდან ბანკი ,,აბსოლუტის“ მფლობელი ,,ბანკი ქართუ“ გახდა, რომელსაც აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების ვალდებულებები გადაეცა. „ქართუმ“ შალიაკიანის კუთვნილებაში არსებული ორი ბენზინგასამართი სადგური იპოთეკისგან გაათავსუფლა, ხოლო ახვლედიანების კუთვნილი - არა.
,,ამის შემდეგ საქმეში მთავარი პროკურატურა ჩაერთო. ვვარაუდობთ, რომ ,,ბანკი ქართუს“ ხელშეწყობით შალიკიანს კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურები ჩამოერთვა და აუქციონზე გაიყიდა. ხოლო ახვლედიანების კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით პროკურატურამ ბოდიში მოიხადა, სარჩელზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს ხალხი ამ თემასთან კავშირში არ არის“ - განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე განმარტებით ,,ბანკ ქართუსა“ და შპს „იმერეთ პლიუსს“ შორის 2007 წლიდან მიმდინარე სასამართლო დავა, მხარეთა შორის მორიგების აქტის გაფორმებით დასრულდა. აქტის თანახმად, ახვლედიანებს უნდა ჩამოეყალიბებინათ ახალი შპს, რომლის 75%-იან წილს ვინმე მაკა ვაწაძეს გადასცემდნენ.
ადვოკატის განმარტებით, მაკა ვაწაძე ბონდო შალიკიანის რძალია. აქტის თანახმად, მაკა ვაწაძეს „ქართუ ბანკისთვის“ 31 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. იმ შემთხვევაში, თუ ვაწაძე აღნიშნულ თანხას არ გადაიხდიდა, ,,ბანკი ქართუ“ ვალდებული იყო ახვლედიანების სადაო ქონებაზე იპოთეკა მოეხსნა.
ფოფხაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახვლედიანების ოჯახმა საკუთარი ვალდებულება შეასრულა, ,,ბანკი ქართუ“ გარიგების ვალდებულებებს დღემდე არ ასრულებს და იპოთეკისგან ახვლედიანების კუთვნილ ქონებას არ ათავისუფლებს.
მისივე თქმით, მათ უკვე მიმართეს სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის პირობების შესრულების მოთხოვნით.
ამასთან, ადვოკატი საქმის განხილვის პროცესში ,,ბანკი ქართუს“ თანამშრომელთა მხრიდან ახვლედიანების ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
,,ახვლედიანების ოჯახს ემუქრებოდნენ საკუთრების წართმევით. ამასთან, პირები რომლებიც კრიმინალურ ავტორიტეტთან ბონდო შალიკიანთან ურთიერთობენ, დღემდე ბანკის წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ. ამ ვითარებას წინ უძღოდა ახვლედიანების ოჯახის ტრაგედიაც, როდესაც მათი ოჯახის ორი წევრი, მურმან ყურაშვილი და ალეკო ახვლედიანი აღნიშნული კრედიტის გამო, კრიმინალური გარჩევის დროს მოკლეს. სავარაუდოდ, აღნიშნული ვენდეტა ბონდო შალიკიანმა დაგეგმა. ეს საქმე კი, დღემდე გამოუძიებელია“ - განაცხადა ფოფხაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან უახლოეს პერიოდში რეაგირება არ იქნება, იგი უკვე იმ კონკრეტულ პირებს დაასახელებს, რომლებიც ახვლედიანების ოჯახზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

















