კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსის" დამფუძნებლისა და ყოფილი მმართველის ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.
როგორც „ნიუსპრესს“ ქოქოლაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, საქმეში ახალი პროკურორი ჩაერთო, რომელმაც საქმის მასალების შესწავლის მიზნით პროცესის გადადება ითხოვა.
სასამართლო განხილვა 11 მაისს განახლდება.
ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას ბრალად 2008-2009 წლებში უკანონო გარიგებებში მონაწილეობა და სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე თავის არიდება ედებოდა. ქოქოლაძე 2011 წლის აპრილში დამნაშავედ სცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, მოგვიანებით სისხლის სამართლის კოდექსით ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ე.წ. ფულის გათეთრებას გულისხმობს. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სასჯელი დაემატება.

















