თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის საქმეზე სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ალექსიძის
ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით მანდატურები დაიკითხებიან.
„პროცესზე მანდატურების დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა და საბოლოო სიტყვა გვაქვს დარჩენილი. არ ვიცი ეს ყველაფერი დღეს მოხდება თუ არა, გააჩნია რამდენი ხანი გაგრძელდება დაკითხვა. სავარაუდოდ, სხდომა კიდევ გადაიდება“ - განაცხადა ლიკა წიკლაურმა.
მისივე თქმით, 3 მანდატურიდან მოწმის სახით ის ორი დაიკითხება, რომლებიც უშუალოდ ალექსიძის ინციდენტს შეესწრნენ.
ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, მან სკოლის შინაგანაწესი დაარღვია. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ოჯახი დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და იმავე სკოლაში ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენას მოითხოვს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე მოსწავლედ თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება.

















