კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსის" დამფუძნებლისა და ყოფილი მმართველის ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" მისმა
ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე პროკურორი საკამათო სიტყვას წარადგენს. შემდეგ კი, კამათისთვის დაცვის მხარე მოემზადება.
საკამათო სიტყვა ბრალმდებელ მხარეს 20 აპრილს უნდა წარმოეთქვა, თუმცა, მათივე თხოვნით პროცესი გადაიდო.
ადვოკატის განცხადებით, ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას ბრალად 2008-2009 წლებში უკანონო გარიგებებში მონაწილეობა და სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე თავის არიდება ედებოდა. ქოქოლაძე 2011 წლის აპრილში დამნაშავედ სცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, მოგვიანებით მას სისხლის სამართლის კოდექსით ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ე.წ. ფულის გათეთრებას გულისხმობს. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სასჯელი დაემატება.
ადვოკატის განცხადებით, პირველ ბრალთან დაკავშირებით სარჩელი მზადდება და უახლოეს მომავალში ქოქოლაძე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ახალ ბრალთან დაკავშირებით კი, ის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
"ანზორ ქოქოლაძე დათმობას, შეგუებას ან საპროცესო გარიგებაზე დათანხმებას არ აპირებს. იგი ხელისუფლების იმ სქემის მსხვერპლია, რომელიც ბიზნესის დატერორებისთვის შეიქმნა"- განუცხადა "ნიუსპრესს" გელაშვილმა.

















