საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ფარგლებში, 1000-მდე მსჯავრდებულმა სასჯელი ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებში და კერძო კომპანიებში მოიხადა.
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ დღეს, რეფორმის განხორციელებიდან ერთი წლის შემდეგ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში შემაჯამებელი კონფერენცია გამართა.
შეხვედრაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, მინისტრის მოადგილე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი მაკასარაშვილი, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, თბილისის მერიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა პოზიტიური შედეგები გამოიღო. კერძოდ, გაზარდა როგორც არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პრაქტიკა, ისე მისი აღსრულების ეფექტურობა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, არასაპატიმრო სასჯელების აქტიური გამოყენება საპატიმროების განტვირთვას უწყობს ხელს. ამჟამად, დამსაქმებელთა ბაზაში 120 სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

















