საქართველოში მართვის მოწმობის მიღების პროცედურა მარტივდება.
ცვლილება პრაქტიკულ ნაწილს ეხება. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, რუსთავში, მომსახურების სააგენტოში ბრიფინგი გამართა.
"დავნერგეთ სიახლე ავტომობილის მართვის გამოცდის ჩაბარების საკითხში. თუ აქამდე მხოლოდ თეორიული გამოცდა ბარდებოდა კომპიუტერთან, იგივე მოხდება პრაქტიკული გამოცდის შემთხვევაშიც. ჩვენი მოედნები თანამედროვე სენსორული დანადგარებით აღვჭურვეთ. ეს სიახლე პირველი მარტიდან დაინერგება. გამოცდის მონაცემების ჩაწერა მოხდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი ნახვა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო კორეის შემდეგ მეორე ქვეყანაა, სადაც მსგავსი ტექნოლოგია დაინერგა.

















